ორი ათასი წლის განმავლობაში, რომელიც ძვ.წ V-IV საუკუნეებში ბერძნული მეცნიერებისა და კულტურის კულმინაციიდან გავიდა, კაცობრიობის აზროვნება დიდწილად ამ ადრეული პერიოდისგან განსხვავებული პრობლემებით იყო დაკავებული. ბერძნული კულტურის პირველ საუკუნეებში უმძლავრესი იმპულსები მოდიოდა სამყაროს უშუალო რეალობიდან, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც გრძნობებით აღვიქვამთ. ეს რეალობა სიცოცხლით იყო სავსე და არ არსებობდა საკმარისი მიზეზი მატერიასა და გონებას, ან სხეულსა და სულს შორის განსხვავების ხაზგასასმელად. თუმცა პლატონის ფილოსოფიაში უკვე შიძლება იმის დანახვა, რომ სხვა რეალობა იწყებს გაძლიერებას. გამოქვაბულის ცნობილ შედარებაში პლატონი ადამიანებს ადარებს გამოქვაბულის ტყვეებს, რომლებიც შებორკილნი არიან და ცქერა მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლიათ. მათ უკან ცეცხლია და ისინი კედელზე საკუთარ და მათ უკან მყოფ საგანთა ჩრდილებს უყურებენ. რადგან ჩრდილები ერთადერთი რამაა, რასაც ხედავენ, ისინი ჩრდილებს რეალობად აღიქვამენ და საგანთა არსებობაზე არაფერი იციან. ბოლოს ერთი ტყვე გაქცევას ახერხებს და გამოქვაბულიდან მზის სინათლეზე გამოდის. ის პირველად ხედავს რეალურ საგნებს და ხვდება, რომ აქამდე ჩრდილებით ტყუვდებოდა; პირველად იგებს სიმართლეს და წუხს, რომ ხანგრძლივი ცხოვრება სიბნელეში გაატარა. ნამდვილი ფილოსოფოსი ეს ტყვეა, რომელმაც გამოქვაბულიდან ჭეშმარიტების ნათელში გამოაღწია, ჭეშმარიტ ცოდნას სწორედ ის ფლობს. ეს უშუალო კავშირი ჭეშმარიტებასთან, ან თუ ქრისტიანული თვალსაზრისით ვიტყვით, ღმერთთან, არის ის ახალი რეალობა, რომელიც თანდათან უფრო გაძლიერდა სამყაროს რეალობასთან შედარებით, რომელსაც გრძნობებით აღვიქვამთ. ღმერთთან უშუალო კავშირი ადამიანის სულში მყარდება და არა სამყაროში და ეს იყო პრობლემა რომლითაც ადამიანის აზროვნება ყველაფერ სხვაზე უფრო მეტად იყო დაკავებული პლატონიდან მოყოლებული ორი ათასი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ფილოსოფოსთა მზერა მიმართული იყო ადამიანის სულისკენ და მისი ღმერთთან დამოკიდებულებისკენ, ეთიკის პრობლემებისკენ და გამოცხადების ინტერპრეტაციისკენ, და არა გარე სამყაროსკენ. მხოლოდ იტალიური რენესანსის დროში ვხედავთ აზროვნების თანდათან შემობრუნებას, რომელმაც ბუნების მიმართ ინტერესი კვლავ გამოაცოცხლა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერების დიად განვითარებას, რომელიც XVI-XVII საუკუნეებიდან მოყოლებული ხდებოდა, წინ უძღოდა და თან ახლდა იმ ფილოსოფიურ იდეათა განვითარება, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდებოდა მეცნიერების ფუნდამენტურ პრინციპებს. ამდენად შესაძლოა სასარგებლო იყოს ამ იდეებზე მსჯელობა თანამედროვე მეცნიერების მიერ ჩვენს დროში მიღწეული პოზიციიდან.
მეცნიერების ამ ახალი პერიოდის პირველი დიდი ფილოსოფოსი რენე დეკარტი იყო, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მისი იდეებიდან მეცნიერული აზროვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თავმოყრილია მის ნაშრომში Discours de la méthode (მსჯელობა მეთოდზე). ეჭვის და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე ის ცდილობს სრულიად ახალი და როგორც თავად თვლის, მყარი ნიადაგის პოვნას ფილოსოფიური სისტემისათვის. ის არ იღებს გამოცხადებას საფუძვლად და არც იმის არაკრიტიკული მიღება სურს, რაც გრძნობებით აღიქმება. ის იწყებს ეჭვის მეთოდით. მას ეჭვი შეაქვს იმაში, რასაც ჩვენი გრძნობები გვეუბნება ჩვენი მსჯელობის შედეგებზე და ბოლოს აღწევს თავის ცნობილ სენტენციამდე:"cogito ergo sum." არ შემიძლია უარვყო საკუთარი არსებობა, რადგან ის გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ვაზროვნებ. მე-ს არსებობის ამგვარად დამტკიცების შემდეგ ის აგრძელებს ღმერთის არსებობის დამტკიცებას არსებითად სქოლასტიკური ფილოსოფიური ხაზის მიყოლით. საბოლოოდ სამყაროს არსებობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ღმერთმა მომცა ძლიერი მიდრეკილება იმისა, რომ მწამდეს სამყაროს არსებობა, და შეუძლებელია, რომ ღმერთი მატყუებდეს. დეკარტის ფილოსოფიის საფუძველი არსებითად განსხვავებულია ბერძენი ფილოსოფოსებისაგან. აქ დასაბამი არა ნივთიერების ფუნდამენტური პრინციპია, არამედ ფუნდამენტური ცოდნის მცდელობა. დეკარტს ესმის, რომ ის, რაც საკუთარი გონის შესახებ ვიცით, უფრო განსაზღვრულია, ვიდრე გარე სამყაროს შესახებ ცოდნა. თუმცა მისი სასტარტო წერტილი ღმერთი-სამყარო-მე „სამკუთხედით“ სახიფათოდ ამარტივებს შემდგომი მსჯელობის საფუძველს. გაყოფა მატერიასა და გონს, ან სხეულსა და სულს შორის, რომელიც პლატონის ფილოსოფიაში დაიწყო, აქ დასრულდა. ღმერთი განცალკევებულია მე-სგანაც და სამყაროსგანაც. ღმერთი იმდენად ზეაწეულია სამყაროსა და ადამიანებთან შედარებით, რომ საბოლოოდ დეკარტის ფილოსოფიაში ის მხოლოდ ათვლის საერთო წერტილად ჩანს, რომლითაც მყარდება დამოკიდებულება მე-ს და სამყაროს შორის.
თუ ძველი ბერძნული ფილოსოფია ცდილობდა საგანთა და მოვლენათა უსასრულო მრავაფეროვნებაში წესრიგი ფუნდამენტური გამაერთიანებელი პრინციპის ძიებით ეპოვა, დეკარტი წესრიგის დამყარებას ფუნდამენტური გაყოფის მეშვეობით ცდილობს. თუმცა სამი ნაწილიდან, რომელიც ამ გაყოფის შედეგია, თითოეული ჰკარგავს საკუთარი არსის ნაწილს, თუ დანარჩენი ორისგან განცალკევებით განიხილება. თუ დეკარტის ფუნდამენტურ პრინციპებს საერთოდ გამოვიყენებთ, არსებითია, რომ ღმერთი სამყაროშიცაა და მე-შიც და აგრეთვე არსებითია, რომ მე-ს განცალკევება სამყაროსგან რეალურად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, დეკარტეს ესმოდა ამ კავშირის უეჭველი აუცილებლობა, თუმცა ფილოსოფია და ბუნებისმეტყველება მომდევნო პერიოდში "res cogitans" და "res extensa" დაპირისპირების საფუძველზე განვითარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ კი ინტერესი "res extensa"-ს დაუთმო. ადამიანის აზროვნებაზე მომდევნო საუკუნეებში კარტეზიანული გაყოფის გავლენა ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო, თუმცა სწორედ ეს გაყოფაა, რომელიც მოგვიანებით კრიტიკულად უნდა განვსაჯოთ ჩვენი დროის ფიზიკის პოზიციიდან.
სამაგიეროდ, ბუნებისმეტყველებისთვის ეს დანაწილება უკიდურესად წარმატებული იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ნიუტონის მექანიკა და კლასიკური ფიზიკის ყველა დანარჩენი ნაწილი, რომელიც მისი მოდელის მიხედვით შეიქმნა, იწყება იმ ვარაუდით, რომ შესაძლებელია სამყაროს აღწერა ისე, რომ არც ღმერთი ვახსენოთ და არც საკუთარი თავი. ეს შესაძლებლობა მალე თითქმის აუცილებელ პირობად იქცა ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებისთვის.
თუმცა კვანტურმა თეორიამ რამდენადმე შეცვალა მდგომარეობა და შესაბამისად, ახლა შეგვიძლია დეკარტის ფილოსოფიური სისტემა თანამედროვე ფიზიკის მდგომარეობას შევადაროთ. ადრე ვთქვით, რომ კვანტური თეორიის კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ საკუთარი თავის, როგორც ინდივიდუუმების ხსენება, მაგრამ ვერსად წაუვალთ იმ ფაქტს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერება ადამიანების ჩამოყალიბებულია. ის ბუნებასა და ჩვენ შორის ურთიერთქმედების შედეგია; ის აღწერს ბუნებას ჩვენი ძიების მეთოდის შესაბამისად. ამ შესაძლებლობაზე დეკარტი ალბათ ვერც იფიქრებდა, მაგრამ სწორედ ის გამორიცხავს სამყაროსა და მე-ს შორის მკვეთრ განცალკევებას.
თუ თვალს მივადებნებთ იმ დიდ სიძნელეს, რომელსაც აინშტაინისნაირი გამოჩენილი მეცნიერიც კი განიცდიდა კვანტური თეორიის კოპენჰაგენური ინტერპრეტაციის გაგებასა და მიღებაში, დავინახავთ, რომ ამ სიძნელის ფესვებს კარტეზიანულ დაყოფასთან მივყავართ. ამ დაყოფამ დეკარტის შემდეგ გასულ სამ საუკუნეში იმდენად ღრმად შეაღწია ადამიანის გონებაში, რომ დიდი დრო დასჭირდება მის ჩანაცვლებას რეალობის პრობლემასთან მართლაც განსხვავებული დამოკიდებულებით.
შეხედულებას, რომელთანაც კარტეზიანულ დაყოფას მივყავართ „res extensa" თვალსაზრისით, შეიძლება მეტაფიზიკური რეალიზმი დავარქვათ. სამყარო, ანუ განვრცობილი რამ „არსებობს.“ ეს უნდა განვასხვავოთ პრაქტიკული რეალიზმისგან და რეალიზმის განსხვავებული ფორმები შესაძლებელია შემდეგნაირად აღიწეროს: ჩვენ ვახდენთ განცხადების „ობიექტივაციას“ თუ ჩვენ ვამტიცებთ, რომ მისი შინაარსი არაა დამოკიდებული მისი დამოწმების პირობებზე. პრაქტიკული რეალიზმი ვარაუდობს, რომ არსებობს განცხადებები, რომელთა ობიექტივაცია შესაძლებელია და სინამდვილეში ყოველდღიური ცხოვრების ჩვენეული გამოცდილება სწორედ ასეთი განცხადებებისგან შედგება. დოგმატიკური რეალიზმი ამტკიცებს რომ არ არსებობს განცხადება მატერიალური სამყაროს შესახებ, რომლის ობიექტივიზაციაც შეუძლებელია. პრაქტიკული რეალიზმი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საბუნებისმეტყველო მეცნიერების არსებითი ნაწილი. რაც შეეხება დოგმატურ რეალიზმს, როგორც ახლა უკვე ვხედავთ, ის არაა საბუნებისმეტყველო მეცნიერების აუცილებელი ნაწილი, თუმცა წარსულში მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეცნიერების განვითარებაში; არსებითად კლასიკური ფიზიკის პოზიცია დოგმატური რეალიზმისას ემთხვევა. მხოლოდ კვანტური თეორიის საშუალებით გავიგეთ, რომ ზუსტი მეცნიერება დოგმატური რეალიზმის საფუძვლის გარეშეც შესაძლებელია. როდესაც აინშტაინმა კვანტური თეორია გააკრიტიკა, მან ეს დოგმატური რეალიზმის საფუძველზე გააკეთა. ეს სრულიად ბუნებრივი დამოკიდებულებაა. ნებისმიერი მეცნიერი, რომელიც კვლევას ეწევა, ეძებს იმას, რაც ობიექტურად ჭეშმარიტია. მისი განცხადებები არ გულისხმობს მათი დამოწმების პირობებზე დამოკიდებულებას. განსაკუთრებულად ფიზიკაში, ის ფაქტი, რომ შეგვიძლია ბუნების მარტივი მათემატიკური კანონებით აღწერა, გვკარნახობს, რომ რეალობის რომელიღაც ნამდვილ თვისებას ვეხებით და არა რასმე, რაც ამ სიტყვის რაიმე მნიშვნელობით თავად გამოვიგონეთ. ესაა მდგომარეობა, რომელსაც აინშტაინი გულისხმობდა, როდესაც დოგმატურ რეალიზმს საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლად იღებდა. თუმცა კვანტური თეორია ბუნების მარტივი მათემატიკური კანონების საშუალებით ახსნის თავისთავადი მაგალითია სწორედ ამ საფუძველის გარეშე. ეს კანონები იქნებ არც ისე მარტივად გამოიყურება, როდესაც მათ ნიუტონის მექანიკას ვადარებთ. თუმცა ასახნელ მოვლენათა (მაგალითად, რთული ატომების ხაზოვანი სპექტრები) უზარმაზარი სირთულის გათვალისწინებით, კვანტური თეორიის მათემატიკური სქემა შედარებით მარტივია. ბუნებისმეტყველება მართლაც შესაძლებელია დოგმატური რეალიზმის საფუძლის გარეშე.
მეტაფიზიკური რეალიზმი დოგმატურზე ერთი ნაბიჯით შორს მიდის, როდესაც აცხადებს რომ „საგნები რეალურად არსებობს.“ ესაა სინამდვილეში ის, რის დამტკიცებასაც ცდილობდა დეკარტი არგუმენტით „შეუძლებელია ღმერთი გვატყუებდეს.“ განცხადება, რომ საგნები რეალურად არსებობს, განსხვავდება დოგმატიკური რეალიზმის განცხადებისგან იმდენად, რამდენადაც აქაა სიტყვა „არსებობს“ რომელიც აგრეთვე იგულისხმება სხვა განცხადებაშიც „cogito ergo sum" ... "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარ." თუმცა ძნელია იმის დანახვა, თუ რა იგულისხმება აქ ისეთი, რაც არაა დოგმატური რეალიზმის თეზისში; და ამას მივყავართ "cogito ergo sum," განცხადების ზოგად კრიტიკამდე, რომელსაც დეკარტი მყარ საფუძვლად მიიჩნევდა საკუთარი სისტემის ასაშენებლად. მართალია, რომ ეს განცხადება მათემატიკური დასკვნის სიცხადეს შეიცავს, თუ სიტყვები "cogito" და "sum" ჩვეულებრივადაა განსაზღვრული, ან თუ უფრო ფრთხილად და თანაც კრიტიკულად ვიტყვით, თუ სიტყვები ისეა განმარტებული, რომ განცხადება გამომდინარეობს. მაგრამ ეს არაფერს არ გვეუბნება იმის შესახებ, რამდენად შორს შეგვიძლია გამოვიყენოთ „ფიქრის“ და „არსებობის“ იდეები ჩვენი გზის ძიებაში. ბოლოსდაბოლოს უზოგადესი თვალსაზრისით ყოველთვის ემპირიული საკითხია, რაოდენ შორსაა შესაძლებელი ჩვენი პრინციპების გამოყენება.
მეტაფიზიკური რეალიზმის სიძნელეებმა, რომლებიც დეკარტის შემდეგ მალევე გამოჩნდა, დასაბამი მისცა ემპირისტულ ფილოსოფიას, სენსუალიზმს და პოზიტივიზმს.
სამი ფილოსოფოსი, რომელიც ადრეული ემპირისტული ფილოსოფიის წარმომადგენლებად შეიძლება ჩავთვალოთ, ლოკი, ბერკლი და იუმია. ლოკი დეკარტის საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ მთელი ცოდნა მხოლოდ გამოცდილებას ეფუძნება. ეს გამოცდილება შეიძლება იყოს გრძნობადი, ან საკუტარი ტვინის მოქმედების აღქმა. ცოდნა, აცხადებს ლოკი, ორ იდეას შორის თანხმობის ან უთანხმოების აღქმაა. შემდეგი ნაბიჯი ბერკლიმ გადადგა. თუ მთელი ჩვენი ცოდნა აღქმისგან გამომდინარეობს, განცხადებას, რომ საგნები რეალურად არსებობს, აზრი არ აქვს; რადგან თუ აღქმა მოცემულია, მნიშვნელობა არ აქვს, საგნები არსებობენ თუ არა. ამიტომ აღქმა არსებობის იდენტურია. მსჯელობის ეს მიმართულება უკიდურეს სკეპტიციზმამდე განავრცო იუმმა, რომელმაც უარყო ინდუქცია და მიზეზობრიობა და ისეთ დასკვნამდე მივიდა რომელიც სერიოზულად მიღების შემთხვევაში ემპირიული მეცნიერების საფუძველს დაანგრევდა. მეტაფიზიკური რეალიზმის კრიტიკა, რომელიც ემპირისტულ ფილოსოფიაში გამოიხატა, ნამდვილად გამართლებულია იმდენად, რამდენადაც გაფრთხილებას შეიცავს ტერმინი „არსებობას“ გულუბრყვილო გამოყენების წინააღმდეგ. ამ ფილოსოფიის პოზიტიური განცხადებების კრიტიკა ასეთივე ხაზით შეიზლება. ჩვენი აღქმა არაა ფერებისა და ბგერების პირველადი შეკვრა; რასაც აღვიქვამთ, უკვე რაღაცად აღვიქვამთ, ამდენად საეჭვოა, გვაძლევს თუ არა რასმე საგნების ნაცვლად აღქმების რეალობის ელემენტებად მიღება.
ეს ძირეული სიძნელე ნათლად აღიქვა თანამედროვე პოზიტივიზმმა. აზროვნების ამ მიმართულებამ კრიტიკული დამოკიდებულება გამოავლინა „საგანი“ „აღქმა“ „არსებობა“ ცნებების გულუბრყვილო გამოყენების მიმართ ზოგადი პოსტულატით, რომ დაწვრილებით და კრიტიკულად გამოსაკვლევია ამა თუ იმ მოცემულ წინადადებას საერთოდ აქვს აზრი თუ არა. ეს პოსტულატი და მისი ძირეული დამოკიდებულება მათემატიკური ლოგიკიდან არის გამოყვანილი. საბუნებისმეტყველო მეცნიერების პროცედურა აღწერილია, როგორც სიმბოლოების მოვლენებთან დაკავშირება. სიმბოლოები, მათემატიკის მსგავსად, შესაძლოა გარკვეული წესების მიხედვით დაკავშირდეს და ამ გზით განცხადება მოვლენის შესახებ წარმოდგენილი იქნება სიმბოლოების კომბინაციით. თუმცა სიმბოლოთა კომბინაცია, რომელიც წესებს არ ექვემდებარება არასწორი არაა, მაგრამ აზრის მატარებებლი არაა.
ამ არგუმენტის ცხადი სირთულე ზოგადი კრიტერიუმის უქონლობაშია იმის შესახებ, თუ როდის უნდა ჩაითვალოს წინადადება აზრს მოკლებულად. ცხადი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც წინადადება პრინციპების და აქსიომების დახურულ სისტემას ეკუთვნის, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. ყოფილა შემთხვევვები, როდესაც ვარაუდს გარკვეული წინადადების აზრს მოკლებულობის შესახებ ისტორიულად მნისვნელოვან პროგრესამდე მივუყვანივართ, რადგან ამან გზნა გაუხსნა ახალი კავშირების დამყარებას, რაც შეუძლებელი იქნებოდა, თუ ამ წინადადებას აზრი ექნებოდა. მაგალითი კვანტური თეორიიდან უკვე განვიხილეთ, ეს წინადადებაა: „რომელ ორბიტაზე მოძრაობს ელექტრონი ატომში?“ თუმცა მათემატიკიდან აღებული პოზიტივისტური სქემა ზოგადად ზედმეტად ვიწროა ბუნების აღწერისას, რომელიც იძულებულია გამოიყენოს ტერმინები და პრინციპები, რომელთა დეფინიცია მხოლოდ ბუნდოვნადაა შესაძლებელი.
ფილოსოფიურმა თეზისმა, რომ ყველანაირი ცოდნა საბოლოოდ გამოცდილებას ეფუძნება, საბოლოოდ მიგვიყვანა პოსტულატამდე ბუნებაზე ნებისმიერი განცხადების ლოგიკური გადამოწმების შესახებ. ასეთი პოსტულატი შესაძლოა გამართლებულიც იყო კლასიკურ ფიზიკაში, მაგრამ კვანტური თეორიდან მოყოლებული მივხვდით, რომ მისი შესრულება შეუძლებელია. სიტყვები „მდებარეობა“და „სიჩქარე“ ელექტრონისთვის, მაგალითად, თითქოს სრულყოფილად იყო განსაზრვრული მათი მნიშვნელობის და მათი შესაძლო ურთიერთკავშირის თვალსაზრისით, და ორივე ზუსტად განმარტებული ცნებაა ნიუტონის მექანიკის მათემატიკურ ჩარჩოში. თუმცა ისინი არაა ზუსტად განსაზრვრული, როგორც ეს განუზრვრელობის პრინციპიდან ირკვევა. შეიძლება ითქვას, რომ ნიტონის მექანიკაში მათი მდგომარეობის თვალსაზრისით, ისინი კარგად იყო განსაზღვრული, მაგრამ ბუნებასთან მიმართებაში – არა. ეს გვიჩვენებს, რომ წინასწარ ვერასდროს გვეცოდინება, რა შეზღუდვებს დაადებს ამა თუ იმ ცნებათა გამოყენებას ჩვენი ცოდნის გაფართოება ბუნების დაშორებულ არეებში, სადაც შეღწევა მხოლოდ ურთულესი ხელსაყოებითაა შესაძლებელი. ამდენად, შეღწევის ამ პროცესში ზოგჯერ იძულებულნი ვართ ცნებები ისეთი სახით გამოვიყენოთ, რაც არაა მთლად გამართლებული და აზრსაც მოკლებულია. სრული ლოგიკური სიცხადის პოსტულატის გამოყენების დაჟინებულმა მოთხოვნამ მეცნიერება შესაძლოა საერთოდ შეუძლებელი გახადოს. აქ თანამედროვე ფიზიკა ძველ სიბრძნეს გვახსენებს: თუ არ გინდა მცდარი აზრი წარმოთქვა, პირი სამუდამოდ უნდა დამუწო.
აზროვნების ამ ორი მიმართულების, რომელიც ერთის მხრივ, დეკარტმა, მეორეს მხრივ კი ლოკმა და ბერკლიმ წამოიწყეს, შეხამების მცდელობა გერმანული იდეალიზმის ფუძემდებლის, კანტის ფილოსოფიაში მოხდა. მისი შრომის ნაწილი, რომელიც საინტერესოა თანამედროვე ფიზიკის შედეგებთან შედარების თვალსაზრისით, „წმინდა გონების კრიტიკაშია“ მოყვანილი. ის სვამს კითხვას, მომდინარეობს თუ არა ცოდნა მხოლოდ გამოცდილებისგან, თუ სხვა წყაროებისგანაც შესაძლებელია მისი მიღება და მიდის დასკვნამდე, რომ ჩვენი ცოდნის ნაწილი "a priori" ხასიათისაა და არა გამოცდილებიდან დედუქციით გამოყვანილი. შესაბამისად, ის განასხვავებს „ემპირიულ“ ცოდნას "a priori" ცოდნისგან. ამავე დროს ის ერთმანეთისგან განასხვავებს „ანალიზურ“ და „სინთეზურ“ მსჯელობას. ანალიზური მსჯელობა უბრალოდ ლოგიკიდან გამომდინარეობს და მის უარყოფას წინააღმდეგობამდე მივყავართ. მსჯელობას, რომელიც არაა „ანალიზური,“ „სინთეზური“ ეწოდება.
როგორია, კანტის მიხედვით, "a priori" ცოდნის კრიტერიუმი? კანტი აღიარებს, რომ ყველა ცოდნა გამოცდილებით იწყება, მაგრამ ამატებს, რომ ის ყოველთვის არ გამოიყვანება გამოცდილებიდან. გამოცდილება ჭეშმარიტად გვასწავლის, რომ გარკვეულ რასმე ასეთი ან ისეთი თვისებები აქვს, მაგრამ ის არ გვასწავლის, რომ ის არ შეიძლება იყოს განსხვავებული. შესაბამისად, თუ მსჯელობა გაიაზრება თავისავე აუცილებლობასთან ერთად, ის "a priori" უნდა იყოს. გამოცდილება არასდროს არ სძენს მის შესახებ მსჯელობას სრულ ზოგადობას. მაგალითად, წინადადება „მზე ყოველ დილას ამოდის“ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ამ წესიდან გამონაკლისს წარსულში და მოველით მის შესრულებას მომავალშიც, თუმცა წარმოგვიდგენია გამონაკლისიც. თუ მსჯელობა სრული ზოგადობითაა განცხადებული და შესაბამისად, რამენაირი გამონაკლისის წარმოდგენა შეუძლებელია, ის უნდა იყოს "a priori." ანალიზური მსჯელობა ყოველთვის "a priori" მსჯელობაა; მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არითმეტიკას ბურთულების თამაშით სწავლობს, მოგვიანებით გამოცდილებასთან დაბრუნების გარეშეც ეცოდინება, რომ „ორი და ორი ოთხია.“ მეორეს მხრივ, ემპირიული ცოდნა სინთეზურია.
მაგრამ შესაძლებელია თუ არა a priori სინთეზური მსჯელობა? კანტი ცდილობს ამის დამტკიცებას მაგალითებით, სადაც ეს კრიტერიუმები თითქოს სრულდება. სივრცე და დრო, ამბობს ის, წმინდა ინტუიციის a priori ფორმებია. სივრცისთვის მას შემდეგი მეტაფიზიკური არგუმენტები მოჰყავს:
1. სივრცე არაა ემპირიული ცნება, რომელიც სხვა გამოცდილებიდანაა ამოღებული, რადგან სივრცე წინასწარ იგულისხმება შეგრძნებების გარეგან რასმე მიკუთვნებისას, და გარეგანი გამოცდილება მხოლოდ სივრცის წარმოდგენით შეიძლება.
2. სივრცე აუცილებელი a priori წარმოდგენაა, რომელივ საფუძვლად უდევს ყველა გარეგან შეგრნებას; რამეთუ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, რომ სივრცე არ არსებობს, თუმც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სივრცეში არაფერი არ არის.
3. სივრცე არაა განსჯითი ან ზოგადი ცნება საგანთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი სივრცე და ის, რასაც „სივრცეებს“ ვუწოდებთ მისი ნაწილებია და არა სახეობები.
4. სივრცე წარმოდგენილია როგორც მოცემული უსასრულო სიდიდე, რომელიც მოიცავს ყველა მის ნაწილს; ეს დამოკიდებულება განსხვავდება ცნების და მისი მაგალითების დამოკიდებულებისაგან, ამიტომაც სივრცე არაა ცნება, არამედ ინტუიციის ფორმაა.
ამ არგუმენტებს აქ არ განვიხილავთ. ისინი მოყვანილია მხოლოდ როგორც ზოგადი დამტკიცების მაგალითები, რომლებსაც კანტი a priori სინთეზური მსჯელობებისთვის გულისხმობდა.
ფიზიკასთან მიმართებაში გარდა სივრცისა და დროისა, კანტი აგრეთვე a priori მიიჩნევდა მიზეზობრიობის კანონს და ნივთიერების იდეას. თავისი შრომის გვიანდელ სტადიაზე ის ეცადა აქ მოექცია ნივთიერების შენახვის კანონი, "actio და reactio" ტოლობა და მსოფლიო მიზიდულობის კანონიც კი. აქ კანტს არცერთი ფიზიკოსი არ გაჰყვებოდა, თუ ტერმინს "a priori" იმ აბსოლუტური მნივნელობით ვიხმართ, როგორც ეს კანტის მიერაა მოცემული. მათემატიკაში კანტმა "a priori" ევკლიდეს გეომეტრია ჩათვალა.
ვიდრე კანტის ამ დოქტრინებს თანამედროვე ფიზიკის შედეგებს შევადარებთ, უნდა ვახსენოთ მისი ნაშრომის მეორე ნაწილი, რომელსაც მოგვიანებით მივუბრუნდებით. საკამათო კითხვა „არსებობს თუ არა რამე რეალურად,“ რომელმაც ემპირიული ფილოსოფია წარმოქმნა, კანტის სისტემაშიც მოხვდა. თუმცა კანტი არ გაჰყვა ბერკლის და იუმს, რაც ლოგიკურად თანმიმდევრული იქნებოდა. მან შეინარჩუნა „თავისთავადი საგნის“ ცნება, როგორც შეგრძნებისაგან განსხვავებული და ამ გზით რეალიზმთან გარკვეული კავშირი შეინარჩუნა.
თუ კანტის დოქტრინების თანამედროვე ფიზიკათან შედარებას დავუბრუნდებით, პირველი შეხედვით ჩანს, თითქოს „სინთეზური a opriori მსჯელობის“ მისეული ცენტრალური პრინციპი ჩვენი საუკუნის აღმოჩენებმა სრულიად გააცამტვერა. ფარდობითობის თეორიამ შეცვალა ჩვენი წარმოდგენები სივრცესა და დროზე, მან სივრცისა და დროის სრულიად ახალი თვისებები გამოავლინა, რომლებიც საერთოდ არ ჩანს კანტის წმინდა ინტუიციის a priori ფორმებში. მიზეზობრიობის კანონი კვანტურ თეორიაში აღარ გამოიყენება, მატერიის შენახვის კანონი კი არ სრულდება ელემენტარული ნაწილაკებისთვის. კანტს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო ახალი აღმოჩენები ეწინასწარმეტყველა, თუმცა რადგან დარწმუნებული იყო, რომ მისი პრინციპები იქნებოდა „საფუძველი ნებისმიერი მომავალი მეტაფიზიკისა, რომელსაც მეცნიერება შეიძლება ეწოდოს,“ საინტერესოა ვნახოთ, სად აღმოჩნდა არასწორი მისი არგუმენტები.
მაგალითისთვის მიზეზობრიობის კანონს ავიღებთ. კანტი ამბობს, რომ როდესაც მოვლენას ვაკვირდებით, ვვარაუდობთ, რომ არსებობს წინმსწრები მოვლენა, რომლისგანაც რაღაც წესით ეს მოვლენა გამომდინარეობს. ესაა, კანტის თქმით, მთელი სამეცნიერო ძიების საფუძველი. ამ მსჯელობაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია თუ არა ყოველთვის ამ მოვლენის პოვნა, რომლის შედეგიცაა სხვა მოვლენა. ხშირად ეს ხერხდება. თუმცა მაშინაც კი, როდესაც მას ვერ ვპოულობთ, ვერაფერი შეგვაკავებს კითხვისგან, როგორი შეიძლება იყოს ეს მოვლენა და მისი ძიებისგან. ამდენად მიზეზობრიობის კანონი მეცნიერული კვლევის მეთოდზე დაიყვანება; ეს ის პირობაა, რომელიც მეცნიერებას შესაძლებელს ხდის. ვინაიდან ჩვენ ამ მეთოდს რეალურად ვიყენებთ, მიზეზობრიობის კანონი არის „a priori“ და არაა გამოცდილებიდან გამოყვანილი.
ასეა თუ არა ეს ატომურ ფიზიკაში? განვიხილოთ რადიუმის ატომი, რომელსაც შეუძლია ალფა-ნაწილაკის გამოსხივება. გამოსხივების მომენტის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ საშუალოდ გამოსხივება 2000 წელიწადში მოხდება. შესაბამისად, როდესაც გამოსხივებას ვაკვირდებით, არ ვეძებთ წინმსწრებ მოვლენას, რომლისგანაც ის რაღაც წესით გამომდინარეობს. ლოგიკურად სავსებით შესაძლებელი იქნებოდა წინმსწრები მოვლენის მოძიება და იმან, რომ ასეთი ჯერ არ უპოვნიათ, იმედი არ უნდა გაგვიცრუოს. მაგრამ რატომ შეიცვალა მეცნიერული მეთოდი ამ არსებით საკითხში კანტის შემდეგ?
ამ კითხვას პასუხი შეიძლება ორნაირად გავცეთ. ერთი პასუხი ასეთია: გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ კვანტური თეორის კანონები სწორია და თუ ეს ასეა, წინმსწრები მოვლენის პოვნა, რომელიც დროის მოცემულ მომენტში გამოსხივების მიზეზია, შეუძლებელია. მეორე კი ასეთი: ჩვენ ვიცით წინმსწრები მოვლენა, მაგრამ არც თუ ისე ზუსტად. ჩვენ ვიცით, რა ძალები მოქმედებს ატომის ბირთვში, რომლებიც პასუხისმგებელია ალფა-ნაწილაკის გამოსხივებისთვის, მაგრამ ეს ცოდნა შეიცავს განუზღვრელობას, რომელიც განპირობებულია ბირთვის ურთიერთქმედებით დანარჩენ სამყაროსთან. თუ გვინდა ვიცოდეთ, რატომ გამოსხივდება ალფა-ნაწილაკი დროის იმ კონკრეტულ მომენტში, აუცილებელია ვიცოდეთ მთელი სამყაროს მიკროსკოპიული სტრუქტურა საკუთარი თავის ჩათვლით, ეს კი შეუძლებელია. გამოდის, რომ კანტის არგუმენტი მიზეზობრიობის კანონის a priori ხასიათზე ძალადაკარგულია.
მსგავსი მოსაზრებები შეიძლება მოვიყვანოთ სივრცის და დროის, როგორც ინტუიციის ფორმების a priori ხასიათზეც. A priori პრინციპებს, რომლებსაც კანტი უეჭველ ჭეშმარიტებად განიხილავდა, თანამედროვე ფიზიკის სამცნიერო სიტემა აღარ შეიცავს. და მაინც, ისინი ამ სისტემის არსებითი ნაწილია რამდენადმე განსხვავებული აზრით. კვანტური თეორიის კოპენჰაგენური ინტერპრეტაციის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ჩვენ კლასიკურ პრინციპებს ვიყენებთ ექსპერიმენტული დანადგარების და უფრო ზოგადად, სამყაროს იმ ნაწილის აღწერისას, რომელიც ცდის ობიექტი არაა. ამ ცნებების, მათ შორის სივრცის, დროის და მიზეზობრიობის გამოყენება სინამდვილეში ატომური მოვლენების დამზერის პირობაა და სიტყვის ამ თვალსაზრისით „a priori“ ხასიათისაა. რაც კანტს არ შეეძლო, რომ ეწინასწარმეტყველა ისაა, რომ ეს a priori ცნებები შეიძლება მეცნიერების არსებობის პირობებიც იყოს და ამასთან მხოლოდ შეზღუდული გამოყენების არეალი ჰქონდეთ. როდესაც ცდას ვატარებთ, ვვარაუდობთ რომ არსებობს მოვლენათა მიზეზობრივი ჯაჭვი, რომელსაც ატომური მოვლენიდან დანადგარების გავლით დამკვირვებლის თვალამდე იბმება; თუ ეს მიზეზობრივი ჯაჭვი არ ვივარაუდეთ, ატომური მოვლენის შესახებაც ვერაფერს ვერ შევიტყობთ. და მაინც, უნდა გვახსოვდეს, რომ კლასიკურ ფიზიკას და მიზეზობრიობას გამოყენების მხოლოდ შეზღუდული არეალი აქვს. ესაა კვანტური თეორიის ფუნდამენტური პარადოქსი, რომელსაც კანტი ვერ იწინასწარმეტყველებდა. თანამედროვე ფიზიკამ კანტის განცხადება a priori სინთეზური მსჯელობის შესაძლებლობის შესახებ მეტაფიზიკურიდან პრაქტიკულად აქცია. A priori სინთეზურმა მსჯელობამ შესაბამისად ფარდობითი ჭეშმარიტების ხასიათი შეიძინა.
თუ კანტიანური "a priori“-ს ასეთნაირ რეინტერპრეტაციას მოვახდენთ, აღარ დარჩება მიზეზი, რომლის გამოც უნდა ჩავთვალოთ, რომ შეგრძნებებია მოცემული და არა საგნები. ისევე, როგორც კლასიკურ ფიზიკაში, შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ მოვლენებზე, რომლებიც არ დამზერილა ისევე, როგორც დამზერილზე. ამდენად, პრაქტიკული რეალიზმი რეინტერპრეტაციის ბუნებრივი ნაწილია. „თავისთავადი საგნის“ შესახებ კანტი მიუთითებს, რომ შეგრძნების მიხედვით ვერაფერს ვიტყვით მის შესახებ. ამ განცხადებას, როგორც ვაიცზეკერმა შენიშნა, აქვს ფორმალური ანალოგია იმ ფაქტში, რომ მიუხედავად ყველა ექსპერიმენტში კლასიკური ცნებების გამოყენებისა, ატომური ობიექტების არაკლასიკური ქცევა მაინც შესაძლებელია. „თავისთავადი საგანი“ ატომური ფიზიკოსისთვის, თუკი ის საერთოდ მიმართავს ამ ცნებას, საბოლოოდ მათემატიკური სტრუქტურაა; მაგრამ ეს სტრუქტურა, კანტისგან განსხვავებით, გამოცდილებიდანაა ირიბად გამოყვანილი.
ამ რეინტერპრეტაციაში კანტიანური „a priori“ ირიბადაა დაკავშირებული გამოცდილებასთან, რამდენადაც ის ადამიანის აზროვნებასთან ერთად ყალიბდებოდა უხსოვარი დროიდან. ამ არგუმენტის მიხედვით ბიოლოგმა ლორენცმა „a priori“ ცნებები ერთხელ შეადარა იმას, რასაც ცხოველებში „მემკვიდრეობით ან თანდაყოლილ სქემებს“ უწოდებენ. მართლაც სავსებით დამაჯერებელია, რომ პრიმიტიული ცხოველებისთვის სივრცე და დრო განსხვავებულია იმისგან, რასაც კანტი სივრცის და დროის ჩვენეულ „წმინდა ინტუიციას“ უწოდებს. უკანასკნელი შეიძლება ეკუთვნოდეს სახეობას „ადამიანი,“ მაგრამ არა სამყაროს, როგორც ადამიანისგან დამოუკიდებელს. თუმცა აქ „a priori“-ს ბიოლოგიურ კომენტირების მიყოლა ალბათ ზედმეტად ჰიპოთეტურ მსჯელობაში შეგვიყვანს. აქ ის მხოლოდ მაგალითად მოვიყვანეთ იმისა, თუ როგორ შეიძლება ტერმინის „ფარდობითი ჭეშმარიტება“ ინტერპრეტირება კანტიანურ „a priori“-სთან მიმართებით.
თანამედროვე ფიზიკა აქ გამოვიყენეთ როგორც მაგალითი, ან, შეიძლება ითქვას, როგორც მოდელი წარსულის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური სისტემის შესამოწმებლად, რომლებიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ფართო სფეროსთვის იყო განკუთვნილი. ის, რაც გავიგეთ, განსაკუთრებით დეკარტის და კანტის ფილოსოფიებზე მსჯელობისას, ალბათ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
ნებისმიერი ცნება ან სიტყვა, რომელიც წარსულში ჩვენსა და სამყაროს ურთიერთქმედებაში ჩამოყალიბდა მნიშვნელობის თვალსაზრისით ჭეშმარიტად მკაცრად განსაზღვრული არაა, ანუ არ ვიცით ზუსტად, რაოდენ შორს გამოგვადგება ისინი სამყაროში გზის საპოვნელად. ხშირად ვიცით, რომ შესაძლებელია მათი ფართო გამოყენება შინაგანი და გარეგანი გამოცდილების ფართო სფეროებისთვის, მაგრამ პრაქტიკულად არასდროს არ ვიცით ზუსტად მათი გამოყენების ფარგლები. ეს სამართლიანია უმარტივესი და უზოგადესი ცნებებისთვისაც კი, როგორიცაა „არსებობა“ და „დრო და სივრცე.“ ამდენად, ვერასდროს გახდება შესაძლებელი წმინდა გონებით აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მისვლა.
თუმცა ცნებების მკაცრი განმარტება შესაძლებელია მათ კავშირებთან მიმართებით.
ეს მართლაც ასეა, როდესაც ცნებები აქსიომების და განსაზღვრებების სისტემის ნაწილი ხდება, რომლებიც თანმიმდევრულად შეიძლება გამოისახოს მათემატიკური სქემით. ურთიერთდაკავშირებული ცნებების ასეთი ჯგუფის გამოყენება გამოცდილების ფართო სფეროშია შესაძლებელი, თუმცა ასეთი გამოყენების შესაძლო ფარგლების ზოგადად ცოდნა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში – ზუსტად.
მიუხედავად იმისა, რომ გვესმის – ცნების განსაზღვრება აბსოლუტურად ზუსტად შეუძლებელია, ზოგიერთი ცნება მეცნიერული მეთოდის განუყოფელი ნაწილია, რადგან ისინი წარმოადგენენ ადამიანის აზროვნების წარსული, თუნდაც ძალიან დაშორებული განვითარების საბოლოო შედეგს მოცემული დროისთვის: შესაძლოა, ისინი მემკვიდრეობითაც კია მიღებული და ყველა შემთხვევაში ჩვენ დროში სამეცნიერო კვლევის შეუცვლელი იარაღია. ამ თვალსაზრისით ისინი პრაქტიკულად „a priori“ ხასიათისაა, თუმცა მომავალში შეიძლება მათი გამოყენებისს დამატებითი შეზღუდვები გამოჩნდეს.
No comments:
Post a Comment