1 ძველი და ახალი ტრადიცია
როდესაც დღეს თანამედროვე ფიზიკას ვახსენებთ, წამსვე ატომურ იარაღს წარმოვიდგენთ ხოლმე. ყველასთვის ცხადია ის უზარმაზარი გავლენა, რომელსაც ეს იარაღი ახდენს ახლანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ სრუქტურაზე და ყველა თანხმდება, რომ ფიზიკის გავლენა საერთო მდგომარეობაზე უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არის კი თანამედროვე ფიზიკის პოლიტიკური ასპექტი ყველა სხვაზე უფრო მნიშვნელოვანი? რა დარჩება თანამედროვე ფიზიკის გავლენისგან მას შემდეგ, რაც მსოფლიო თავის პოლიტიკურ სტრუქტურას ახალ ტექნიკურ შესაძლებლობებს შეუსაბამებს?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყველა ხელსაწყო იმ სულისკვეთების მატარებელია, რომლითაც ის შეიქმნა. ვინაიდან ყველა ერი და ყველა პოლიტიკური ჯგუფი დაიტერესებული უნდა იყოს ახალი იარაღით მიუხედავად ამ ჯგუფის მდებარეობისა თუ კულტურული ტრადიციისა, თანამედროვე ფიზიკის სულისკვეთება მრავალი ადამიანის ცნობიერებაში შეაღწევს და სხვადასხვანაირ კავშირს დაამყარებს უფრო ძველ ტრადიციასთან. რა შედეგს გამოიღებს თანამედროვე მეცნიერების განსაკუთრებული დარგის ზეგავლენა სხვადასხვა მძლავრ, უფრო ძველ ტრადიციებზე? მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც თანამედროვე მეცნიერება განვითარდა, დიდი ხანია, უპირატესი ინტერესი პრაქტიკული საქმიანობისაკენ, მრეწველობისა და საინჟინრო საქმისაკენ, აგრეთვე ასეთი საქმიანობის შინაგანი თუ გარეგანი პირობების რაციონალური ანალიზისაკენ წარიმართა. ამ ადამიანებს გაუადვილდებათ ახალ იდეებთან გამკლავება, რადგან მათ საკმარისი დრო ჰქონდათ თანამედროვე მეცნიერული აზროვნების მეთოდებთან ნელი და თანდათანობითი შეგუებისათვის. მსოფლიოს სხვა ადგილებში ეს იდეები წინააღმდეგობაში აღმოჩნდება ადგილობრივი კულტურის რელიგიურ და ფილოსოფიურ საფუძვლებთან. ვინაიდან თანამედროვე ფიზიკის შედეგები მართლაც ეხება ისეთ ძირეულ წარმოდგენებს, როგორიცაა რეალობა, სივრცე და დრო, ამ დაპირისპირების შესაძლო შედეგების წარმოდგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. თანამედროვე მეცნიერებისა და აზროვნების უფრო ძველი მეთოდების ამ შეხვედრის ერთი დამახასიათებელი ნიშანი უთუოდ სრული საერთაშორისობა იქნება. აზრთა ამ ურთიერთმიმოცვლაში ერთი მხარე, ძველი ტრადიცია, განსხვავებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, თუმცა მეორე მხარე ყველგან ერთნაირი იქნება და ამდენად, ამ მიმოცვლის შედეგები გავრცელდება ყველგან, სადაც ეს დიკუსია გაიმართება.
ამ მიზეზების გათვალისწინებით უმნიშვნელო არ უნდა იყოს თანამედროვე ფიზიკის ამ იდეების ნაკლებად ტექნიკური ენით განხილვა, მათი ფილოსოფიური შედეგების შესწავლა და მათი შედარება უფრო ძველ ტრადიციებთან.
თანამედროვე ფიზიკის პრობლემებთან წვდომის საუკეთესო გზა შესაძლოა კვანტური თეორიის განვითარების ისტორიულ აღწერაზე გადიოდეს. მართალია, კვანტური თეორია ატომური ფიზიკის მცირე, თავად ატომური ფიზიკა კი თანამედროვე მეცნიერების კიდევ უფრო მცირე ნაწილია, მაგრამ სწორედ კვანტურ თეორიაში მოხდა რეალობის ცნებასთან დაკავშირებული ყველაზე უფრო ძირეული გარდაქმნები და სწორედ კვანტურ თეორიაში მოხდა საბოლოო სახით ატომური ფიზიკის ახალი იდეების თავმოყრა და დაკრისტალება. უზარმაზარი და უკიდურესად რთული ექსპერიმენტული დანადგარები, რომლებიც ბირთვული ფიზიკის კვლევებისთვისაა საჭირო, თანამედროვე მეცნიერების ამ ნაწილის სხვა, ძალზე შთამბეჭდავ მხარეს წარმოაჩენს, თუმცა ექსპერიმენტული მეთოდების თვალსაზრისით ბირთვული ფიზიკა კვლევის იმ მეთოდის უკიდურესი გაფართოებაა, რომელიც ჰიუიგენსის, ვოლტას თუ ფარადეისგან მოყოლებული თანამედროვე მეცნიერების ზრდას განსაზღვრავს. ამავე თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს კვანტური თეორიის ზოგიერთი ნაწილის დამთრგუნველი მათემატიკური სირთულე ნიუტონის, გაუსის თუ მაქსველის მეთოდების უკიდურეს განვრცობად. მაგრამ რეალობის ცნების ცვლილება, რომელმაც თავი იჩინა კვანტურ თეორიაში, უბრალოდ წარსულის გაგრძელება როდია; ეს, როგორც ჩანს, ნამდვილი გარღვევაა თანამედროვე მეცნიერების სტრუქტურაში. ამდენად, მომდევნო თავებიდან პირველი კვანტური თეორიის განვითარების ისტორიას დაეთმობა.
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment