11 თანამედროვე ფიზიკის როლი აზროვნების განვითარებაში




 
წინა თავებში განვიხილეთ თანამედროვე ფიზიკის ფილოსოფიური შედეგები, რათა გვეჩვენებინა, რომ მეცნიერების ეს უახლესი დარგი ადამიანის აზროვნების უძველეს ტენდენციებს ბევრ წერტილში ეხება, რომ ის ბევრ ძველ პრობლემას ახალი კუთხით უდგება. ალბათ ზოგადი ხასიათის ჭეშმარიტებაა ის, რომ აზროვნების ისტორიაში ყველაზე უფრო ნაყოფიერი პერიოდები ხშირად აზროვნების ორი, განსხვავებული მიმართულების შეხვედრას უკავშირდება. ამ მიმართულებათა ფესვები ხშირად განსხვავებულ კულტურულ გარემოსა თუ რელიგიურ ტრადიციაშია; ამიტომ მათი შეხვედრისას, ანუ იმდენად მჭიდრო დამოკიდებულების წარმოქმნისას, როდესაც შესაძლებელია რეალური ურთიერთქმედება, მოსალოდნელი ხდება ახალი და საინტერესო განვითარება. ატომური ფიზიკა, როგორც თანამედროვე მეცნიერების ნაწილი, ჩვენს დროში ძალიან განსხვავებულ კულტურულ ტრადიციებში აღწევს. ის არა მხოლოდ ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებში ისწავლება, სადაც ბუნებისმეტყველება ტრადიციული საქმიანობის დარგია, არამედ ისწავლება შორეულ აღმოსავლეთში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი მათი სრულიად განსხვავებული კულტურული გამოცდილებით, აგრეთვე რუსეთში, სადაც ჩვენს დროში აზროვნების ახალი წესი დაინერგა, რომელიც ერთის მხრივ, მეცხრამეტე საუკუნის ევროპული მეცნიერული აზრის განვითარებას და მეორეს მხრივ, თავად რუსულ, სრულიად განსხვავებულ ტრადიციებს უკავშირდება. მომდევნო მსჯელობის საგანი ნამდვილად ვერ იქნება იმის წინასწარმეტყველება, თუ რა შედეგს მოიტანს თანამედროვე ფიზიკის იდეების შეხვედრა ძველ ტრადიციებთან, თუმცა შესაძლებელია იმ წერტილების განსაზღვრა, სადაც სავარაუდოდ მოხდება შეხვედრა განსხვავებულ იდეებს შორის.

თანამედროვე ფიზიკის გავრცელების განხილვისას მას ნამდვილად ვერ განვაცალკევებთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მრეწველობისა და საინჟინრო საქმის, მედიცინის და ა.შ., ანუ თანამედროვე ცივილიზაციის გავრცელების საერთო პროცესისგან მსოფლიოს ყველა კუთხეში. თანამედროვე ფიზიკა მხოლოდ ერთი რგოლია მოვლენათა გრძელ ჯაჭვში, რომელიც ბეკონის, გალილეოს და კეპლერის შრომებით და მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში ბუნებისმეტყველების პრაქტიკული გამოყენებით დაიწყო. კავშირი ბუნებისმეტყველებას და ტექნიკურ მეცნიერებას შორის თავიდანვე ურთიერთდახმარებით გამოირჩეოდა: ტექნიკური პროგრესი, არსებული ხელსაწყოების გაუმჯობესება, ახლების გამოგონება საფუძველს უქმნიდა ბუნების უფრო და უფრო ზუსტ, ემპირიულ შეცნობას; ბუნების გაგებაში წინსვლამ და საბოლოოდ, ბუნების კანონების მათემატიკურმა ფორმულირებამ გზა გაუხსნა ამ ცოდნის ახლებურ გამოყენებას ტექნიკურ მეცნიერებაში. მაგალითად, ტელესკოპის გამოგონებამ საშუალება მისცა ვარსკვლავების მოძრაობა ადრინდელთან უფრო ზუსტად გაეზომათ; ამან შესაძლებელი გახადა ასტრონომიისა და მექანიკის პროგრესი. მეორეს მხრივ, მექანიკის კანონების ზუსტ ცოდნას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა მექანიკური ხელსაწყოების გაუმჯობესების, ძრავების აგების, და ა.შ. თვალსაზრისით. საბუნებისმეტყელო და ტექნიკური მეცნიერების დიდი საერთო წინსვლა მაშინ დაიწყო, როდესაც მოხერხდა ბუნების გარკვეული ძალების ადამიანის განკარგულებაში მოქცევა. ქვანახშირში დაგროვილმა ენერგიამ, მაგალითად, დაიწყო ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის გაკეთებაც ადრე ადამიანს თავად უწევდა. თავიდან მრეწველობა, რომელიც ამ ახალი შესაძლებლობების წყალობით განვითარდა, შესაძლოა ძველი ხელობების ბუნებრივ განვრცობად და განვითარებად ჩათვლილიყო: მანქანების მუშაობა ბევრ ადგილას ხელით შრომის მსგავსი იყო, ქიმიურ ფაბრიკები კი ძველი ყაიდის სამღებროების და აფთიაქების გაგრძელებად აღიქმებოდა. თუმცა მოგვიანებით მრეწველობის სრულიად ახალი დარგები აღმოცენდა, რომლებსაც ძველ ხელობებში ანალოგი არ მოეპოვება; მაგალითად - ელექტროტექნიკა. ბუნებაში მეცნიერების უფრო ღრმად შეღწევამ საშუალება მისცა ინჟინრებს ბუნების ისეთი ძალები გამოეყენებინათ, რომლებზეც წინა პერიოდებში ბუნდოვანი წარმოდგენა თუ ჰქონდათ. ამ ძალების ზუსტმა ცოდნამ მათი წარმმართველი, მათემატიკურად ფორმულირებული ბუნებრივი კანონზომიერებების სახით მყარი საფუძველი ჩაუყარა მრავალფეროვანი მანქანების შექმნას.

ბუნებისმეტყველების და ტექნიკის ურთიერთკავშირის ამ უზარმაზარმა წარმატებამ განაპირობა იმ ერების, სახელმწიფოებისა თუ საზოგადოებების უპირატესობა, სადაც ეს ადამიანური საქმიანობა ყვაოდა; ამის ბუნებრივი შედეგი იყო ის, რომ ამ საქმიანობას ხელი მოჰკიდეს იმ ერებმაც კი, რომლებსაც არ გააჩნდათ ტრადიციული მიდრეკილება საბუნებისმეტყველო თუ ტექნიკური მეცნიერებისკენ. თანამედროვე საკომუნიკაციო თუ სატრანსპორტო საშუალებებმა საბოლოოდ დაასრულეს ტექნიკური ცივილიზაციის გავრცელება-გაფართოების ეს პროცესი. ეჭვგარეშეა, რომ ამ პროცესმა არსებითად შეცვალა დედამიწაზე ცხოვრების პირობები; მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, მიუხედავად იმისა, პროგრესს ვარქმევთ მას თუ საშიშროებას, უნდა გვესმოდეს, რომ ის შორს გასცდა ადამიანურ კონტროლს. ეს შეიძლება უდიდესი მასშტაბის ბიოლოგიურ პროცესს შევადაროთ, სადაც ადამიანის ორგანიზმში არსებული სტრუქტურები მატერიის მოზრდილ ნაწილებს ისაკუთრებენ და გარდაქმნიან იმგვარად, რომ მზარდი მოსახლეობისათვის მოხერხებულ მდგომარეობაში მოიყვანონ.

ფიზიკა სწორედ ამ განვითარების ყველაზე უფრო თანამედროვე ნაწილებს ეკუთვნის და ამის ყველაზე უფრო ხილული მაგალითი, ბირთვული იარაღის გამოგონება, ამ განვითარების არსს ყველაზე უფრო მკვეთრი სინათლით აშუქებს. ერთის მხრივ, ეს გვიჩვენებს, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის ერთობლივ განვითარებას მხოლოდ ოპტიმისტურად ვერ შევხედავთ; ნაწილობრივ მინც გამართლდა მათი შეხედულებები, ვინც ყოველთვის გვაფრთხილებდა ცხოვრების ბუნებრივი პირობების ესოდენ რადიკალური ცვლილების თანმდევი საფრთხის შესახებ. მეორეს მხრივ, ამან აიძულა სახელმწიფოები თუ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, ამ საფრთხეებისთვის თავი აერიდებინათ, ყურადღება მიექციათ ახალი განვითარებისთვის, რადგან ცხადი გახდა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება სამხედრო თვალსაზრისით ბირთვული იარაღის ფლობას დაუკავშირდა. ჩვენი მიზანი ნამდვილად არაა აქ ბირთვული ფიზიკის პოლიტურ ზემოქმედებაზე გაფართოებული მსჯელობა, თუმცა ამ პრობლემებზე რამდენიმე სიტყვა მაინც უნდა ითქვას, რადგან ატომური ფიზიკის ხსენებისთანავე ადამიანებს თავში უმალ ეს პრობლემები მოსდით ხოლმე.

ახალი იარაღის, განსაკუთრებით თერმობირთვული იარაღის გამოგონებამ მსოფლიოს პოლიტიკური სტრუქტურა ძირეულად შეცვალა. გადამწყვეტი ცვლილება განიცადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნებამ, რადგან ყველა ქვეყანა, რომელსაც ეს იარაღი არ გააჩნია, ასე თუ ისე დამოკიდებული გახდა იმ რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებიც ამ იარაღს დიდი რაოდენობით ამზადადებენ; ამას გარდა, სამხედრო მოქმედებების მასშტაბური წარმოება ამ იარაღის გამოყენებით პრაქტიკულად აბსურდული სახის თვითმკვლელობაა. ამის გამო ხშირად გვესმის ოპტიმისტური თვალსაზრისი, რომ ომი მოძველებული რამაა და აღარასოდეს მოხდება. ეს შეხედულება სამწუხაროდ, დიდად გადაჭარბებული გამარტივებაა. პირიქით, თერმობირთვული იარაღის გამოყენებით ომის აბსურდულობა პირველ მიახლოებაში მცირე მასშტაბის საომარი მოქმედების წამახალისებელიც კი შეიძლება გახდეს. რომელიმე ქვეყანა ან პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დარწმუნებულია, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლის ისტორიული თუ ზნეობრივი უფლება აქვს, ჩათვლის, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების ამ მიზნით გამოყენება დიდი რისკის შემცველი არ იქნება; მათი ვარაუდით, მეორე მხარე არ მიმართავს თერმობირთვულ იარაღს, რადგან ამ საკითხში ისტორიულად და ზნეობრივად მტყუანია და ამდენად, სრულმასშტაბიან ომს მოერიდება. ეს სიტუაცია თავის მხრივ უბიძგებს სხვა ქვეყნებს განაცხადონ, რომ მათ წინააღმდეგ აგრესორის მიერ წამოწყებული მცირემასშტაბიანი ომის შემთხვევაში ისინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, ამდენად საშიშროება რჩება. შესაძლებელია ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ მსოფლიოში იმდენად დიდი ცვლილებები მოხდეს, რომ სრულმასშტაბიანი ომის, მოწინააღმდეგის განადგურებისთვის ყველა ტექნიკური რესურსის გამოყენების საშიშროება ძალიან შემცირდეს ან სრულად გაქრეს. თუმცა ამ მდგომარეობისკენ მიმავალი გზა უდიდესი საშიშროებებით იქნება სავსე. უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ყველა დროში, ახლაც ის, რაც ერთი მხარისთვის ისტორიულად თუ მორალურად სწორია, მეორეს მხარისთვის საპირისპიროდ ჩანს. Status quo-ს შენარჩუნება ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება არაა; იქნებ პირიქით, ახალ სიტუაციასთან შეგუების მშვიდობიანი გზების პოვნა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, ბევრ სიტუაციაში ხომ რაიმე სამართლიანი გადაწყვეტილების პოვნა უკიდურესად ძნელია. ამდენად, იქნებ არც თუ ისე პესიმისტური იყოს იმის თქმა, რომ დიდი ომის თავიდან აცილება მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ მათ მიერ ერთი შეხედვით ყველაზე უფრო აშკარა უფლებებზე ხელის აღების მზადყოფნაა – იმის გათვალისწინებით, რომ მტყუან-მართალი არსებითად განსხვავებულად ჩანს საპირისპირო მხრიდან. აქ ახალი არაფერია. ესაა მხოლოდ იმ ადამიანური მიდგომის გამოყენება, რასაც ზოგიერთი დიდი რელიგია მრავალი საუკუნეა, რაც ასწავლის.

ბირთვული იარაღის გამოგონებამ სრულიად ახალი პრობლემები შეუქმნა მეცნიერებას და მეცნიერებს. მეცნიერთა პოლიტიკური გავლენა ბევრად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდთან შედარებით და ამან მეცნიერები, განსაკუთრებით ატომის ფიზიკის შემსწავლელი მეცნიერი ორმაგი პასუხისმგებლობით დატვირთა. მან ან აქტიური როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის მართვაში საზოგადოებისათვის მეცნიერების მნიშვნელობის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც გადაწყვეტილებათა მიღების უზარმაზარ პასუხისმგებლობას გულისხმობს და შორს სცდება კვლევისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების მცირე, მისთვის სასურველ წრეს. ან კიდევ მან თავისივე ნებით ხელი უნდა აიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ყველანაირ მონაწილეობაზე; ამ შემთხვევაშიც ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას არასწორი გადაწყვეტილებების გამო, რომელთა თავიდან აცილებას შეძლებდა, მეცნიერის მშვიდი ცხოვრება რომ არ აერჩია. მეცნიერის აშკარა ვალდებულებაა მთავრობის დაწვრილებით ინფორმირება თერმობირთვული ომის უმაგალითო დამანგრეველი შედეგების შესახებ. ამას გარდა, მეცნიერებს ხშირად სთხოვენ მონაწილეობას მსოფლიო მშვიდობის სასარგებლო ფორმალურ რეზოლუციებში, რომელთა აზრიც არასდროს არ მესმოდა. ეს რეზოლუციები თითქოს კეთილი ნების დადასტურებაა; თუმცა ყველა, ვინც მშვიდობაზე ლაპარაკობს და ამ მშვიდობის პირობებზე არაფერს ამბობს, მყისიერად აღძრავს ეჭვს, რომ მხოლოდ ისეთ მშვიდობას გულისხმობს, რომელშიც ის და მისი ჯგუფი ყვავიან – ამიტომაა ეს რეზოლუციები სრულიად უსარგებლო. ნებისმიერი გულწრფელი სამშვიდობო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს დათმობათა ჩამონათვალს, რომელთათვისაც მზად ვართ მშვიდობის შესანარჩუნებლად. თუმცა მეცნიერს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებამოსილება, როგორც წესი, არ გააჩნია.

თუმცა ყველაფერ ამის საუკეთესოდ გაკეთება მეცნიერს საკუთარ დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებით შეუძლია. ის უდიდესი ყურადღება, რომელსაც დღეს ბევრი მთავრობა უთმობს ბირთვული ფიზიკის კვლევებს, და ის, რომ სამეცნიერო მუშაობის ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე ძალიან განსხვავებულია, ხელს უწობს ამ დარგში საერთაშორისო თანამშრომლობას. სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ შეიკრიბონ კვლევით ინსტიტუტებში, სადაც ენერგიული საქმიანობა ხორციელდება თანამედროვე ფიზიკის დარგში და რთულ მეცნიერულ პრობლემებზე ერთობლივი მუშაობით ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. ერთ შემთხვევაში – ჟენევის ორგანიზაციაში – მოხერხდა მთელი რიგ ქვეყნებს შორის შეთანხმების მიღწევა ერთიანი ლაბორატორიის და ერთიანი ძალისხმევით ბირთვული ფიზიკის საკვლევი ძვირადღირებული ექსპერიმენტული დანადგარის აგების შესახებ. ასეთი თანამშრომლობა ნამდვილად ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეცნიერთა შორის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას მეცნიერული და არა მხოლოდ მეცნიერული პრობლემების მიმართ. ძნელია იმის წინასწარ ვარაუდი, თუ რა ნაყოფს გამოიღებს ეს, როდესაც ისინი კვლავ ძველ გარემოს და საკუთარ კულტურულ ტრადიციას დაუბრუნდებიან. თუმცა იმის უარყოფაც ძნელია, რომ იდეების მიმოცვლა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერებს, აგრეთვე ერთი ქვეყნის შიგნით სხვადასხვა თაობებს შორის დაეხმარება ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ახალ მდგომარეობასთან მიახლოებას, რომელშიც დამყარდება წონასწორობა ძველ, ტრადიციულ ძალებს და თანამედროვე ცხოვრების გარდაუვალ მოთხოვნილებებს შორის. მეცნიერების ერთი თვისება მას სხვადასხვა კულტურულ ტრადიციას შორის პირველი, მჭიდრო კავშირის დამყარების საუკეთესო საშუალებად აქცევს. ფაქტია, რომ კერძო სამეცნიერო შრომის ღირებულებაზე, სიმართლესა თუ მცდარობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ნებისმიერი ადამიანურ ავტორიტეტისგან დამოუკიდებელია. ხშირად ბევრ წელი გადის, ვიდრე პრობლემის ამოხსნა მოიძებნება, ვიდრე ჭეშმარიტების შეცდომისგან გარჩევა მოხერხდება; მაგრამ საბოლოოდ კითხვას პასუხი გაეცემა და ამას არა მეცნიერთა ჯგუფი, არამედ თვით ბუნება წყვეტს. ამიტომ მეცნიერული იდეები დაინტერესებულთა შორის პოლიტიკური იდეებისგან სრულიად განსვავებულად ვრცელდება.

მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა იდეებმა შესაძლოა ფართო მასებში დამაჯერებელი ზეგავლენა მოიპოვონ მხოლოდ იმიტომ, რომ ასახავენ ან თითქოს ასახავენ ხალხის ინტერესებს, მეცნიერული იდეები მხოლოდ იმიტომ ვრცელდება, რომ ჭეშმარიტია. ისინი მეცნიერული განაცხადის ჭეშმარიტების ობიექტური და საბოლოო კრიტერიუმებია.

ყველაფერი, რაც აქ საერთაშორისო თანამშრომლობის და იდეათა მიმოცვლის შესახებ ითქვა, თანაბრად სამართლიანია თანამედროვე მეცნიერების ყველა ნაწილისთვის და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ატომური ფიზიკისთვის. ამ თვალსაზრისით თანამედროვე ფიზიკა მეცნიერების ერთ-ერთი დარგია მხოლოდ და მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექნიკური მნიშვნელობა შეიარაღებისა და ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების თვალსაზრისით განსაკუთრებულ წონას ანიჭებს, არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა ამ სფეროში სხვაზე უფრო მნიშვნელოვნად ჩაითვალოს. თუმცა ახლა კვლავ უნდა მივუბრუნდეთ თანამედროვე ფიზიკის იმ თავისებურებებს, რომელიც არსებითად განასხვავებს მას ბუნებისმეტყველების ადრინდელი განვითარებისგან და ამ მიზნით ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ ევროპულ ისტორიას ამ განვითარებისა, რომელიც საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა ერთობლიობამ განაპირობა.

ისტორიკოსებს ხშირად უმსჯელიათ, იყო თუ არა მეთექვსმეტე საუკუნის შემდგომი ბუნებისმეტყველების აღმავლობა აზროვნების ადრეულ მიმდინარეობათა ბუნებრივი შედეგი. არსებობს მოსაზრება, რომ ქრისტიანული ფილოსოფიის გარკვეული მიმდინარეობები ღმერთის ძალიან აბსტრაქტული ცნებამდე მივიდნენ, და რომ მათ ღმერთი სამყაროსგან იმდენად მაღლა ასწიეს, რომ შესაძლებელი გახდა სამყაროს განხილვა მასში ღმერთის დანახვის გარეშეც. კარტეზიანულ დაყოფას ამ განვითარების ბოლო ნაბიჯი შეიძლება ვუწოდოთ. შესაძლებელია იმის თქმაც, რომ მეთექვსმეტე საუკუნის თეოლოგიურმა დავამ ზოგადი უკმაყოფილება გამოიწვია იმ პრობლემებით, რომელთა გადაჭრა განსჯით რეალურად შეუძლებელი იყო და იმდროინდელ პოლიტიკურ შეჯახებათა საგანი გახდა; რომ ამ უკმაყოფილებამ გაამძაფრა ინტერესი თეოლოგიური კამათისგან სრულიად განცალკევებული პრობლემების მიმართ. შესაძლებელია უბრალოდ იმ უზარმაზარი ქმედუნარიანობის, იმ ახალი სულისკვეთების მოხსენიებაც, რომელმაც ევროპული საზოგადოებები რენესანსის დროს განმსჭვალა. ყველა შემთხვევაში ამ პერიოდში გაჩნდა ახალი ძალაუფლება, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იყო ქრისტიანული რელიგიისგან, ფილოსოფიისგან თუ ეკლესიისგან – გამოცდილების, ემპირიული ფაქტის ძალაუფლება. შეიძლება ამ ძალაუფლებისთვის თვალის გადევნება ძველ ფილოსოფიურ მიმდინარეობებში, მაგალითად ოკამის და დუნს სკოტის ფილოსოფიებში, თუმცა ადამიანის ქმედების წარმმართველ სასიცოცხლო ძალად ის მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული ყალიბდება. გალილეო მექანიკურ მოძრაობაზე, ქანქარასა და ვარდნილ ქვაზე კი არ ფიქრობდა მხოლოდ; ის ექსპერიმენტულად, რაოდენობრივად ამოწმებდა, თუ როგორ ხდება ეს მოძრაობა. ეს ახალი საქმიანობა თავიდან სულაც არ გულისხმობდა ტრადიციული ქრისტიანული რელიგიიდან გადახვევას. პირიქით, ითვლებოდა, რომ ღმერთის გამოცხადება ორი სახისაა. ერთი ბიბლიაშია ჩაწერილი, მეორე კი ბუნების წიგნში უნდა ამოვიკითხოთ. წმინდა წერილი ადამანების დაწერილია, ამიტომ შეცდომებისგან არაა დაზღვეული, ბუნება კი ღმერთის განზრახვათა უშუალო გამოხატულებაა.

მიუხედავად ამისა, ყურადღების გამოცდილებაზე გამახვილებას უკავშირდება რეალობაზე შეხედულების ნელი, თანდათანობითი ცვლილება. თუ შუა საუკუნეებში ის, რასაც დღეს საგნის სიმბოლურ მნიშვნელობას ვუწოდებთ, გარკვეულწილად მის პირველად რეალობად ითვლებოდა, რეალობაზე წარმოდგენამ ახლა გრძნობადი აღქმისკენ გადაინაცვლა. ის, რასაც ვხედავთ და ვეხებით, პირველადი რეალობა გახდა. რეალობის ეს ახალი ცნება ახალ საქმიანობას უკავშირდებოდა: შესაძლებელი გახდა ცდების ჩატარება და იმის ნახვა, თუ როგორია საგანი რეალურად. იოლად დასანახი იყო, რომ ეს ახალი მიდგომა ადამიანის გონების წინაშე ახალ შესაძლებლობათა უზარმაზარ ველს ხსნის, ისიც გასაგებია, რომ ეკლესია ამ ახალ მიმდენარეობაში საფრთხეებს უფრო ხედავდა ვიდრე იმედს. გალილეოს ცნობილმა სამსჯავრომ, რომელიც კოპერნიკის სისტემაზე მის შეხედულებებს უკავშირდებოდა, დასაბამი მისცა ბრძოლას, რომელიც საუკუნეზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. ამ დაპირისპირებაში ბუნებისმეტყველების წარმომადგენელთა არგუმენტი ის იყო, რომ გამოცდილება უდაო ჭეშმარიტების წყაროა, რომ არცერთ ადამიანურ ავტორიტეტს არ ხელეწიფება იმის გადაწყვეტა, თუ რა ხდება ბუნებაში რეალურად და რომ ამ გადაწყვეტილებას თვით ბუნება, ანუ ამ თვალსაზრისით, ღმერთი იღებს. ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლები, მეორეს მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ ზედმეტი ყურადღების დათმობა მატერიალური სამყაროსთვის, იმისთვის, რასაც გრძნობებით აღვიქვამთ, გვაკარგვინებს კავშირს ადამიანის უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ ფასეულობებთან, რეალობის სწორედ იმ მხარესთან, რომელიც მატერიალური სამყაროს მიღმაა. ეს ორი არგუმენტი ერთმანეთთან შეხებაში არაა, ამიტომ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია რაიმე სახის მორიგებით ან გადაწყვეტილების მიღებით.

ამასობაში ბუნებისმეტყველება მატერიალური სამყაროს სულ უფრო ცხად და ფართო სურათს ქმნიდა. ფიზიკაში ეს სურათი აღიწერებოდა იმ ცნებებით, რომლებსაც დღეს კლასიკური ფიზიკის ცნებებს ვუწოდებთ. სამყარო სივრცესა და დროში განლაგებული საგნებისგან შედგება, საგნები შედგება მატერიისგან, მატერიას შეუძლია წარმოქმნას ძალები და ძალების ზემოქმედება განიცადოს. მოვლენები მატერიისა და ძალების ურთიერთქმედების შედეგია; ნებისმიერი მოვლენა სხვა მოვლენების შედეგი და მიზეზია. ამავე დროს ადამიანის დამოკიდებულებამ ბუნების მიმართ ჭვრეტითის ნაცვლად პრაგმატული ხასიათი შეიძინა. საინტერესო გახდა არა ბუნების რაობა, არამედ ის, თუ რა შეიძლება მასზე მოიმოქმედო. ამდენად, ბუნებისმეტყველება ტექნიკურ მეცნიერებად გარდაიქმნა; ნებისმიერი ახალი ცოდნა მისგან პრაქტიკული შედეგის მიღების თვალსაზრისით განიხილებოდა. ეს მიდგომა არა მხოლოდ ფიზიკაში, არამედ ქიმიასა და ბიოლოგიაშიც არსებითად იგივე იყო და ახალი მეთოდების წარმატება მედიცინასა თუ სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო უწყობდა ხელს ახალი ტენდენციების გავრცელებას.

საბოლოოდ, მეცხრამეტე საუკუნემ უკიდურესად ხისტ ჩარჩოში ჩასვა საბუნებისმეტყველო მეცნიერება და არა მარტო მეცნიერება, არამედ ადამიანთა უზარმაზარი მასის ზოგადი შეხედულებებიც. ამ ჩარჩოს ამაგრებდა კლასიკური ფიზიკის ფუნდამენტური ცნებები: სივრცე, დრო, მატერია და მიზეზობრიობა; რეალობის ცნება ეხებოდა საგნებს და მოვლენებს, რომლებიც შეგვიძლია აღვიქვათ გრძნობებით, ან რომელთა დამზერაც შესაძლებელია ტექნიკური მეცნიერების მიერ უზრუნველყოფილი დახვეწილი ხელსაწყოებით. პირველადი რეალობა მატერიაა. სამეცნიერო პროგრესი წარმოედგინათ, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობა მატერიალური სამყაროს დასაპყრობად. სარგებელი დროის საბრძოლო მოწოდებად იქცა.

მეორეს მხრივ, ეს ჩარჩო იმდენად ვიწრო და ხისტია, რომ მასში ძნელად თუ მოეძებნება ადგილი ჩვენი ენის ბევრ ცნებას, რომელიც ყოველთვის მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი იყო, მაგალითად გონს, ადამიანის სულს ან სიცოცხლეს. გონის შემოტანა ზოგად სურათში მხოლოდ მატერიალური სამყაროს ერთგვარი სარკის სახით თუ მოხერხდებოდა; და როდესაც ამ სარკის შესწავლას ჰკიდებდნენ ხელს ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში, მკვლევარს ყოველთვის ეუფლებოდა ცდუნება - თუ ანალოგიას განვავრცობთ – ოპტიკურზე უფრო მეტად მისი მექანიკური თვისებების შესწავლისა. აქაც კი ცდილობდნენ კლასიკური ფიზიკის ცნებების, მეტწილად მიზეზობრიობის პრინციპის გამოყენებას. მსგავსად ამისა, სიცოცხლეს ხსნიდნენ, როგორც ფიზიკურ და ქიმიურ პროცესს, რომელიც ბუნების კანონებით იმართება და სავსებით განსაზღვრულია მიზეზობრიობით. ევოლუციის დარვინისეულმა ცნებამ მტკიცებულებით უხვად უზრუნველყო ასეთი ინტერპრეტაცია. ამ ჩარჩოში სივრცის პოვნა განსაკუთრებით გაძნელდა რეალობის იმ მხარეთათვის, რომლებიც ტრადიციული რელიგიის საგანია და ახლა მხოლოდ წარმოსახვითი ხასიათი შეიძინა. ამიტომ იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც წესად ჰქონდათ იდეების უკიდურესობამდე მიყვანა, რელიგიის მიმართ მეცნიერების აშკარად მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, თუმცა სხვა ქვეყნებშიც კი ამ საკითხების მიმართ ინდიფერენტულობის ზრდის ტენდენცია დამკვიდრდა. ეს ტენდენცია ქრისტიანული რელიგიის მხოლოდ ზნეობრივ ფასეულობებს არ შეხებია, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მეცნიერული მეთოდის და რაციონალური აზროვნების რწმენამ გონების ყველა სხვა გარანტია ჩაანაცვლა.

თანამედროვე ფიზიკის წვლილს თუ მივუბრუნდებით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მისმა შედეგებმა გამოიწვია, სწორედ მეცხრამეტე საუკუნის ცნებათა ამ ხისტი ჩარჩოს დაშლაა. ამ ჩარჩოდან, რომელიც აშკარად ვიწრო იყო რეალობის არსებით მხარეთა გასაგებად, თავის დახსნის მცდელობები რა თქმა უნდა, მანამდეც ყოფილა. თუმც კი არ ჩანდა, რა უნდა ყოფილიყო არასწორი მატერიის, სივრცის , დროისა და მიზეზობრიობის ფუნდამენტურ, მეცნიერების ისტორიაში ესოდენ წარმატებულ ცნებებში. მხოლოდ ექსპერიმენტულმა კვლევამ, რომელიც ტექნიკური მეცნიერების მიერ მოწოდებული ყველაზე უფრო დახვეწილი ხელსაწყოებით ტარდებოდა და მისმა მათემატიკურმა ინტერპრეტაციამ უზრუნველყო საფუძველი - ან შეძლება ითქვას, იძულებაც კი წარმოქმნა - ამ ცნებათა კრიტიკული ანალიზისათვის და გამოიწვია ამ ჩარჩოს დაშლა.

დაშლის ეს პროცესი ორ ცალკე სტადიად წარიმართა. პირველში ფარდობითობის თეორიის მეშვეობით აღმოჩნდა, რომ თვით ისეთ ფუნდამენტურ ცნებებშიც კი, როგორებიცაა სივრცე და დრო, შესაძლებელია და აუცილებელიც კია ცვლილებების შეტანა ახალი გამოცდილების გამო. ეს ცვლილება შეეხო არა ჩვეულებრივი ენის სივრცისა და დროის რამდენადმე ბუნდოვან ცნებებს, არამედ მათ ნიუტონისეული მექანიკის ზუსტ ფორმულირებებს, რომლებიც მცდარად იქნა აღიარებული, როგორც საბოლოო. მეორე სტადია მატერიის ცნებაზე გამართული დიხკუსიაა, რომელიც ატომის აგებულებასთან დაკავშირებულმა ექსპერიმენტებმა აღძრა. მატერიის რეალურობის იდეა მეცხრამეტე საუკუნის იმ ხისტი ჩარჩოს ალბათ უმტკიცესი ნაწილი იყო. ახლა საჭირო გახდა ამ იდეის სულ მცირე, მოდიფიცირება ახალი გამოცდილების შესაბამისად. კვლავ, ჩვეულებრივი ენის ცნებები ხელშეუხებელი დარჩა. არავითარი სიძნელე არ ახლდა მატერიაზე ან ფაქტებზე ან რეალობაზე საუბარს, რომელიც ატომურ ექსპერიმენტებს და მათ შედეგებს აღწერდა. თუმცა ამ ცნებების მეცნიერული ექსტრაპოლაცია მატერიის უმცირეს ნაწილებზე შეუძლებელია იმ მარტივი გზით, რომელსაც კლასიკური ფიზიკა გვთავაზობს, რომელმაც მატერიაზე ზოგადი წარმოდგენა მცდარად განსაზღვრა.

ეს ახალი შედეგები უპირველესად სერიოზულ გაფრთხილებად უნდა განიხილებოდეს მეცნიერული ცნებების ნაძალადევად გამოყენების წინააღმდეგ იმ სფეროში, რომელსაც ისინი არ ეკუთვნის. კლასიკური ფიზიკის ცნებათა ქიმიაში გამოყენება მაგალითად, მცდარი აღმოჩნდა. ამიტომაც დღეს ნაკლებად ვვარაუდობთ, რომ ფიზიკური ცნებები, თუნდაც კვანტური თეორიიდან აღებული, ნამდვილად გამოდგება ყველგან, ბიოლოგიასა თუ სხვა მეცნიერებებში. პირიქით, ვეცდებით კარი გავუღოთ ახალი ცნებების შემოტანას მეცნიერების იმ ნაწილებშიც კი, სადაც ძველი ცნებები ძალიან სასარგებლო იყო მოვლენათა ასახსნელად. იმ წერტილებში განსაკუთრებით, სადაც ძველი ცნებების გამოყენება ნაძალადევად აღიქმება, ან სავარაუდოდ, პრობლემის მთლად ადეკვატური არაა, ვეცდებით მოვერიდოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

მეტიც, თანამედროვე ფიზიკის განვითარებისა და ანალიზის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი ის გამოცდილებაა, რომ ჩვეულებრივი ენის ცნებები, რამდენადაც ბუნდოვნად არ უნდა იყოს განსაზღვრული, ცოდნის გაფართოებისას უფრო მეტ მდგრადობას ავლენს, ვიდრე მეცნიერული ენის ზუსტი ტერმინები, რომლებიც იდეალიზაციის გზითაა გამოყვანილი მოვლენათა მხოლოდ შეზღუდული ჯგუფებიდან. სინამდვილეში ეს არც უნდა გვიკვირდეს, რადგან ჩვეულებრივი ენის ცნებები რეალობასთან უშუალო კავშირის საშუალებით ყალიბდება; ისინი რეალობას ასახავენ. მართალია, ისინი მკვეთრად განსაზღვრული არაა და შესაბამისად, საუკუნეთა განმავლობაში შესაძლოა ცვლილებაც განიცადეს, ზუსტად ისევე, როგორც თვით რეალობამ განიცადა, მაგრამ მათ არასოდეს არ დაუკარგავთ უშუალო კავშირი რეალობასთან. მეორეს მხრივ, მეცნიერული ცნება იდეალიზაციაა; ის გამოყვანილია დახვეწილი ექსპერიმენტული ტექნიკით მიღებული გამოცდილებიდან და ზუსტად არის განსაზღვრული აქსიომებით და დეფინიციებით. მხოლოდ ამ ზუსტი დეფინიციებითაა შესაძლებელი ცნებების დაკავშირება მათემატიკურ სქემასთან და ამ სფეროს მოვლენათა უსასრულო მრავალფეროვნების მათემატიკური გამოყვანა. თუმცა იდეალიზაციის და დეფინიციის ამ პროცესში იკარგება უშუალო კავშირი რეალობასთან. ცნება კვლავ ძალიან ახლოსაა რეალობასთან ბუნების იმ ნაწილში, სადაც ის კვლევის ობიექტია. მაგრამ შესაბამისობა შეიძლება დაიკარგოს სხვა ნაწილებში, რომლებიც მოვლენათა სხვა ჯგუფებს მოიცავს.

მეცნიერული განვითარების პროცესში ბუნებრივი ენის ცნებათა დამახასიათებელი მდგრადობის გათვალისწინებით ვხედავთ – თანამედროვე ფიზიკის გამოცდილებით – რომ ჩვენი დამოკიდებულება ისეთი ცნებების მიმართ, როგორებიცაა გონი, ადამიანის სული, სიცოცხლე, ან ღმერთი განსხვავებული იქნება იმისგან, როგორიც მეცხრამეტე საუკუნეში იყო, რადგან ეს ცნებები ბუნებრივი ენის კუთვნილებაა და ამდენად, უშუალო კავშირში იმყოფება რეალობასთან. ჩვენ იმასაც გავაცნობიერებთ, რომ ეს ცნებები მეცნიერული თვალსაზრისით ზუსტად განსაზღვრული არაა და რომ მათი გამოყენება სხვადასხვა წინააღმდეგობასთან მიგვიყვანს. ახლა ალბათ მოგვიწევს მათი გაუანალიზებლად, როგორც არის, ისე მიღება; თუმცა მაინც ვიცით, რომ ისინი შეხებაშია რეალობასთან. ამასთან დაკავშირებით სასარგებლო იქნება იმის გახსენება, რომ მეცნიერების უზუსტეს ნაწილში, მათემატიკაშიც კი, ვერ გავექცევით ცნებების გამოყენებას, რომლებიც წინააღმდეგობებს შეიცავს. კარგადაა ცნობილი, მაგალითად, რომ უსასრულობის ცნება წარმოქმნის წინააღმდეგობებს, რომლებიც გაანალიზებულია, თუმცა მათემატიკის ძირითადი ნაწილების აგება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ამ ცნების გამოყენების გარეშე.

მეცხრამეტე საუკუნეში აზროვნების ძირითადი ტენდენცია სამეცნიერო მეთოდისა და ზუსტი, რაციონალური ტერმინების მიმართ მზარდი ნდობისკენ იყო მიმართული და ზოგადი სკეპტიციზმი გამოიწვია ბუნებრივი ენის იმ ცნებების მიმართ, რომლებიც ვერ თავსდებოდა მეცნიერული აზროვნების დახურულ ჩარჩოში – მაგალითად, რელიგიურების მიმართ. თანამედროვე ფიზიკამ მრავალი თვალსაზრისით ეს სკეპტიციზმი გააღრმავა; თუმცა ამავე დროს მან ის ზუსტ მეცნიერულ ცნებათა გადაჭარბებული შეფასების, თვით სკეპტიციზმის საპირისპიროდ შემოაბრუნა. ზუსტი მეცნიერული ცნებების მიმართ სკეპტიციზმი არ ნიშნავს იმას, რომ ზღვარი უნდა დაედოს რაციონალური აზროვნების გამოყენებას. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გაგების უნარი გარკვეული თვალსაზრისით იქნებ უსაზღვროც იყოს. თუმცა არსებული მეცნიერული ცნებები ყოველთვის რეალობის მხოლოდ ძალზე შეზღუდულ ნაწილს ფარავს, და ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არაა გაგებული, უსასრულოა. ყოველთვის, როდესაც ცნობილიდან უცნობში ვინაცვლებთ, იმედი გვაქვს, რომ გავიგებთ, თუმცა შესაძლოა სიტყვა „გაგების“ ახალი მნიშვნელობაც შევიტყოთ. ნებისმიერი გაგება ბოლოსდაბოლოს ბუნებრივ ენას უნდა ეფუძნებოდეს, რადგან მხოლოდ აქ ვართ დარწმუნებულნი, რომ შეხება გვაქვს რეალობასთან, ამიტომაც სკეპტიკურად უნდა განვეწყოთ ნებისმიერი სკეპტიციზმის მიმართ, რომელიც ბუნებრივი ენისა და მის უმთავრეს ცნებებს ეხება. შესაბამისად, ეს ცნებები ისევე უნდა გამოვიყენოთ, როგორც ყოველთვის ვიყენებდით. ამ თვალსაზრისით თანამედროვე ფიზიკამ იქნებ კარი გაუღო კიდეც უფრო ფართო შეხედულებებს ადამიანურ გონსა და რეალობას შორის დამოკიდებულებაზე.

ჩვენს დროში თანამედროვე მეცნიერება აღწევს მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც კულტურული ტრადიციები სრულიად განსხვავებულია ევროპული ცივილიზაციისგან. საბუნებიმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებების ეს ზეგავლენა აქ შეიძლება კიდევ უფრო ძლიერად იგრძნობოდეს, ვიდრე ევროპაში, რადგან ცხოვრებისეულ ცვლილებებს, რომლებიც ევროპაში სამი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა, აქ მხოლოდ რამდენიმე ათწლეული დასჭირდება. მოსალოდნელია, რომ ბევრგან ეს ახალი საქმიანობა აღქმული იქნება, როგორც ძველი კულტურის დაცემა, როგორც დაუნდობელი და ბარბაროსული დამოკიდებულება, რომელიც არღვევს იმ ფაქიზ წონასწორობას, რაზეც ადამიანის ბედნიერებაა დამოკიდებული. ასეთ შედეგებს ვერ გავექცევით, ისინი უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი თავისებურება; თუმცა თანამედროვე ფიზიკის ღიაობა იქნებ აქაც დაგვეხმაროს აზროვნების ახალი ტენდენციების ძველ ტრადიციასთან შერიგებაში. უდიდესი სამეცნიერო წვლილი, რომელიც ბოლო ომის შემდეგ მაგალითად, იაპონიიდან წამოვიდა, შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ არსებობს გარკვეული კავშირი შორეული აღმოსავლეთის ტრადიციის ფილოსოფიურ იდეებსა და კვანტური თეორიის ფილოსოფიურ არსს შორის. იქნებ კვანტური თეორიის რეალობის ცნებასთან შეგუება უფრო ადვილია, თუ არიდებული ხარ მიამიტ მატერიალისტურ აზროვნების წესს, რომელიც ევროპაში ჩვენი საუკუნის პირველ ათწლეულებშიც კი ჯერ კიდევ ბატონობდა.

ასეთი ხასიათის შენიშვნები რა თქმა უნდა, ისე არ უნდა იყოს აღქმული, თითქოს ძველი კულტურული ტრადიციებისთვის ტექნიკურ პროგრესს ზიანი არ მიუყენებია წარსულში ან მომავალში ვერ მიაყენებს. მაგრამ რადგანაც ასეთი განვითარება დიდი ხანია გასცდა ადამიანურ კონტროლს, ის უნდა მივიღოთ, როგორც თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი ნიშანი და ვეცადოთ მაქსიმალურად დავუკავშიროთ ის ადამიანურ ღირებულებებს, რომლებიც ძველი კულტურული და რელიგიური ტრადიციების მიზანს შეადგენდა. აქ უპრიანია ერთი ამბის გახსენება ჰასიდების რელიგიიდან: მოხუც რაბის, რომელმაც სიბრძნით სახელი გაითქვა, ყველა რჩევისთვის აკითხავდა. ერთმა კაცმა, რომელიც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყო მის ირგვლივ მომხდარი ცვლილებების გამო და სძულდა ეგრეთწოდებული ტექნიკური პროგრესი, მას ჰკითხა: „მთელი ეს ტექნიკური საშინელება განა სრულიად უსარგებლო არ არის ჭეშმარიტი ცხოვრებისეული ფასეულობების თვალსაზრისით?“ „იქნებ ასეცაა,“ უპასუხა რაბიმ, „თუმცა ვისაც სწორი მიდგომა აქვს, ყველაფრისგან შეუძლია ისწავლოს.“ „არა,“ შეუბრუნა მნახველმა, „ისეთი სისულელეებისგან, როგორიც რკინიგზა, ტელეფონი და ტელეგრაფია, ვერაფერს ისწავლი.“ „არ ხარ მართალი,“ უპასუხა რაბიმ, „რკინიგზისგან შეიძლება ისწავლო, რომ მყისიერი დაგვიანებით ყველაფერი შეიძლება დაკარგო. ტელეგრაფისგან შეიძლება ისწავლო, რომ ყველა სიტყვას ფასი აქვს, ტელეფონისკან კი ის, რომ რასაც აქ ვამბობთ, იქ ესმით.“ მნახველი მიხვდა, რას გულისხმობდა რაბი და წავიდა.

და ბოლოს, თანამედროვე მეცნიერება აღწევს მსოფლიოს იმ დიდ ნაწილებში, სადაც ახალი დოქტრინების საფუძველზე სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ახალი და მძლავრი საზოგადოებები დაფუძნდა. აქ თანამედროვე მეცნიერებას უპირისპირდება როგორც შინაარსი თვით ამ დოქტრინებისა, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის ევროპული ფილოსოფიური იდეებიდან (ჰეგელი და მარქსი) იღებს სათავეს, აგრეთვე შეუვალი რწმენის ფენომენიც. ვინაიდან თანამედროვე ფიზიკას დიდი როლი ეკისრება ამ ქვეყნებში მისი პრაქტიკული მნიშვნელობის გამო, მათთვის, ვისაც მართლა ესმის თანამედროვე ფიზიკა და მისი ფილოსოფიური მნიშვნელობა, შეუძლებელია ნათელი არ გახდეს ამ დოქტრინათა სივიწროვე. შესაბამისად, ამ წერტილში შესაძლოა განხორციელდეს ურთიერთქმედება მეცნიერებასა და აზროვნების ზოგად ტენდენციას შორის. რა თქმა უნდა, მეცნიერების ზეგავლენის გადაჭარბებული შეფასება არასწორი იქნებოდა, თუმცა თანამედროვე მეცნიერების ღიაობამ იქნებ ადამიანთა კიდევ უფრო დიდ ჯგუფსაც დაანახოს, რომ დოქტრინები საზოგადოებისთვის არც ისე დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ადრე ითვლებოდა. ამ თვალსაზრისით თანამედოვე მეცნიერების გავლენა შესაძლოა მიმტევებლური დამოკიდებულების ხელშემწყობი და ამდენად, სასარგებლო გახდეს.

ერთის მხრივ, უკომპრომისო რწმენის ფენომენი ბევრად უფრო წონადია, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის რომელიმე კერძო ფილოსოფიური ცნება. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ ადამიანების დიდ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ზოგადი იდეისა თუ დოქტრინის ჭეშმარიტებაზე. ამდენად, ადამიანთა ამ უმრავლესობისთვის სიტყვა „რწმენა“ არ ნიშნავს „რაიმეს სიმართლის აღქმას,“ არამედ „ რაიმეს ქცევას ცხოვრების საფუძვლად.“ ადვილი გასაგებია, რომ ეს, მეორე სახის რწმენა ბევრად უფრო მტკიცეა და უძრავი, ვიდრე პირველი სახის, რომ მას შეუძლია გამოცდილებასთან უშუალო წინააღმდეგობასაც კი გაუძლოს, ამიტომ მას შეძენილი მეცნიერული ცოდნა ვერ შეარყევს. ბოლო ორი ათწლეულის ისტორია ბევრ მაგალითს იძლევა იმისა, რომ ამ მეორე სახის რწმენას ხშირად სრულ აბსურდამდე მისვლისასაც კი ეჭიდებიან და რომ ის მხოლოდ მორწმუნესთან ერთად კვდება. მეცნიერება და ისტორია გვასწავლის, რომ ასეთი სახის რწმენა შესაძლოა დიდ განსაცდელად მოევლინოს მათ, ვინც მას იზიარებს. თუმცა ეს ცოდნა უსარგებლოა, რადგან შეუძლებელია დავინახოთ, როგორ შეიძლება მისი თავიდან არიდება და შესაბამისად, ასეთი რწმენა ისტორიის
ძალათაგან ერთ-ერთი უდიდესია. მეცხრამეტე საუკუნის სამეცნიერო ტრადიციის მიხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ყველანაირი რწმენა ნებისმიერი არგუმენტის რაციონალურ ანალიზს, გულმოდგინე განსჯას უნდა ეყრდნობოდეს; და რომ ეს, მეორე სახის რწმენა, რომელშიც რაიმე რეალური თუ მოჩვენებითი სიმართლე ცხოვრების საფუძვლად მიიჩნევა, უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. მართალია, ფრთხილი მსჯელობა , რომელიც წმინდად რაციონალურ არგუმენტებს ეყრდნობა,მრავალ საფრთხეს და შეცდომას აგვაცილებდა, რადგან ის საშუალებას გვაძლევს ახალ მდგომარეობას შევეგუოთ და ეს ალბათ ცხოვრების აუცილებელი პირობაა. თუმცა თანამედროვე ფიზიკაში მიღებული გამოცდილების მოშველიებით ვხედავთ, რომ ყოველთვის იქნება არსებითი კომპლემენტარულობა განსჯასა და გადაწყვეტილებას შორის. ცხოვრების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში ძნელად თუ მოხერხდება რომელიმე შესაძლო გადაწყვეტილების სასარგებლო თუ საწინააღმდეგო ყველა არგუმენტის განხილვა, ამიტომაც ყოველთვის იძულებულნი ვიქნებით არასაკმარისი მტკიცებულებების პირობებში ვიმოქმედოთ. საბოლოოდ გადაწყვეტილება ყველა არგუმენტის გვერდზე გაწევით მიიღება - უკვე განხილულის თუ მსჯელობის გაგრძელებისას აღმოცენებულის – და შემდგომი ფიქრის შეწყვეტით. გადაწყვეტილება შესაძლოა განსჯის შედეგი იყოს, თუმცა ამავე დროს ის განსჯის კომპლემენტარულია; ის გამორიცხავს განსჯას. უმთავრესი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებიც კი აუცილებლად შეიცავს ირაციონალურის ამ გარდაუვალ ელემენტს. რადგან გადაწყვეტილება აუცილებელია, მაშასადამე უნდა არსებობდეს რაიმე საყრდენი, ჩვენი ქმედების წარმმართველი პრინციპი. მყარი პოზიციის გარეშე ჩვენი ქმედება ყოველგვარ ძალას დაკარგავდა. ამდენად, შეუძლებელია, რომ ცხოვრებას საფუძვლად რაიმე ჭეშმარიტი ან მოჩვენებითი სიმართლე არ დავუდოთ; და ეს ფაქტი უნდა ვაღიაროთ ადამიანთა იმ ჯგუფების არსებობის გათვალისწინებით, რომელთა ცხოვრების საფუძველი ჩვენისგან განსხვავებულია.

ახლა თუ ვეცდებით დასკვნის გაკეთებას ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაც თანამედროვე მეცნიერებაზე ითქვა, ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ფიზიკა მხოლოდ ერთი, თუმც კი ძალიან დამახასიათებელი ნაწილია საერთო ისტორიული პროცესისა, რომელიც არსებული მსოფლიოს გაერთიანებისა და გაფართოებისკენაა მიმართული. თავისთავად ეს პროცესი ამცირებს კულტურულ და პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლებიც ჩვენი დროის უდიდესი საფრთხეების წყაროა. თუმცა მისი თანმხლები სხვა პროცესი საპირისპიროდ მოქმედებს. ის ფაქტი, რომ ადამიანთა უზარმაზარი მასა გაერთიანების ამ პროცესს აცნობიერებს, არსებულ კულტურულ საზოგადოებებში ყველა ძალას აქეზებს იქითკენ, რათა მათმა ტრადიციულმა ფასეულობებმა გაერთიანების საბოლოო ეტაპზე მაქსიმალური შესაძლო როლი დაიმკვიდრონ, ამდენად დაძაბულობა ძლიერდება და ორი კონკურენტული პროცესი იმდენად მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, რომ გამაერთიანებელი პროცესის ნებისმიერი ინტენსიფიკაცია – მაგალითად, ტექნიკური პროგრესის მეშვეობით – აძლიერებს აგრეთვე ბრძოლას საბოლოო ეტაპზე გავლენისთვის და შესაბამისად, გარდამავალი სტადიის არასტაბილურობას ზრდის. თანამედროვე ფიზიკა ალბათ მხოლოდ მცირე როლს ასრულებს გაერთიანების ამ სახიფათო პროცესში, თუმცა ის ორ, გადამწყვეტ წერტილში ხელს უწყობს განვითარების შედარებით წყნარ, ევოლუციურ კალაპოტში გადაყვანას. უპირველესად ის გვიჩვენებს, რომ ამ პროცესში იარაღის გამოყენება გამანადგურებელი იქნებოდა და ამასთან მისი ღიაობა ნებისმიერი ცნებების მიმართ ზრდის იმედს, რომ გაერთიანების საბოლოო მდგომარეობაში მრავალი განსხვავებული კულტურული ტრადიცია შეძლებს თანაცხოვრებას და განსხვავებულ ადამიანურ ძალისხმევათა გაერთიანებას ახალი სახის წონასწორობაში აზრსა და საქმეს. ქმედებასა და ჭვრეტას შორის.

დასასრული


No comments:

Post a Comment